Sunday, April 22, 2012

ქართული კინოს ისტორია

ქართული კინოს ისტორია მე-20 საუკუნის დასაწყისიდან იწყება. ქართული აუდიტორია ძმები ლუმიერების კინემატოგრაფს 1896 წელს გაეცნო. 1900 წელს ფოტოგრაფმა დავით დიღმელოვმა ლუმიერების სისტემის საპროექციო აპარატურა შეიძინა და ვაჟთან ალექსანდრესთან ერთად, ჯონ მორისის ფსევდონიმით საქართველოს სხვადასხვა მხარეები მოიარა. 1905 წელს სოფია ივანიცკაიამ – ოდესელმა საქმიანმა ქალმა – მუშტაიდის ბაღში იმ დროისათვის საკმაოდ დიდი საზაფხულო კინო ააშენა. სოფია ივანიცკაიას ფინანსური მხარდაჭერით ალექსანდრე დიღმელოვმა 1909 წელს დაიწყო კინო ქრონიკის გადაღება. შემდგომში ამ კინოს ნეგატივები კინოქრონიკისთვის შეიძინა პატემ.

1912 წ. ვასილ ამაშუკელმა გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი "აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში", რომელიც გამოჩენილი ქართველი პოეტის მოგზაურობას აღწერს.

1916-1928 წწ. პროდუსერი გერმანე გოგიტიძე ჩაუდგა სათავეში პირველი ქართული მხატვრული ფილმის –ალექსანდრე წუწუნავას "ქრისტინეს" - გადაღებას. ფილმი ეგნატე ნინოშვილის მოთხრობას ეფუძნება.



განათლების სახალხო კომისარიატში 1921 წელს კინოს სექცია გაიხსნა, რომელიც 1923-1928 წლებში საქკინმრეწველობად მოიხსენიებოდა.
ქართული ფილმების პირველი ჩვენება – "არსენა ჯორჯიაშვილი" (1921, რეჟისორი ივანე პერესტიანი), "სურამის ციხესიმაგრე" (1922, რეჟისორი ივანე პერესტიანი), გამზრდელი (1922, ვლადიმერ ბარსკი) – ლიონის საერთაშორისო კინო ფესტივალზე 1924 წელს ჩატარდა.
მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ფილმების უმეტესობა ლიტერატურულ ნაწარმოებებს ეფუძნებოდა. ალექსანდრე წუწუნავამ და კოტე მარჯანიშვილმა გაუკვალეს გზა ახალი თაობის ქართველ კინემატოგრაფებს, როგორიცაა მიხეილ კალატოზიშვილი, მიხეილ ჭიაურელი, კოტე მიქაბერიძე, ნიკოლოზ შენგელაია და სხვები. ამ რეჟისორებმა თავიანთი ფილმებით ხელი შეუწყეს ქართული კინოს აღმავლობას. 1928 წლიდან შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში შეიქმნა ისეთი ცნობილი ფილმები, როგორიცაა ნიკოლოზ შენგელაიას "ელისო" (1928), კოტე მიქაბერიძის "ჩემი ბებია" (1929), მიხეილ კალატოზოვის "ჯიმ შვანთე" (1930) და მიხეილ ჭიაურელის "ხაბარდა" (1931). ახალგაზრდა რეჟისორებმა ჩამოაყალიბეს კინემატოგრაფიის ახალი და ორიგინალური ფორმები.




ზოგიერთი ფილმი აღმოჩნდა მიუღებელი საბჭოთა ცენზურისთვის. მაგალითად, ავანგარდის ხელოვნების ნიმუში "ჩემი ბებია" 40 წლის მანძილზე იყო აკრძალული. მიხეილ კალატოზიშვილის ფილმი "ლურსმანი ჩექმაში" (1931), ასევე აკრძალული იყო, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მისი რეჟისორი 40-იან წლებში საბჭოთა კავშირის კინემატოგრაფიის მინისტრის მოადგილე იყო, მისი ფილმი `წეროები მიფრინავენ~ კი 1958 წლის კანის კინო ფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა.








No comments:

Post a Comment